“საამქროს დირექტორმა სასწრაფო არ გამოიძახა, რასაც 5 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა”
გელა ცომაია ერთ-ერთია, ვინც ახალი წლის ღამეს თურქეთის ქალაქ გებზეში ქიმიური სპირტი დალია, თუმცა გადარჩა.
გელა ცომაიამ ექსკლუზიური ინტერვიუ ტელეკომპანია „იმედს“ მისცა.

მისი განცხადებით, ხის საამქროს დირექტორს სასწრაფო დახმარება დროულად რომ გამოეძახებინა, მოწამლულების გადარჩენა მოხერხდებოდა.

„2 იანვარს დილით, უფროსი მოვიდა, ვუთხარი როგორც იყო საქმე, მაგრამ ეტყობა სიკვდილს არ ელოდა და იოგურტი მოგვიტანა - მოწამლისთვის კარგია და დალიეთო. სულ უფრო ცუდად ვიყავით, შუადღისთვის სასწრაფოს გამოძახება ვთხოვეთ, მაგრამ სასწრაფო არ გამოიძახა, ეტყობა შეეშინდა ჯარიმების, ჩვენ კი ვეუბნებოდით დარეკეო, მაგრამ არ დარეკა, მიზეზს არ გვეუბნებოდა რატომ არ რეკავდა. ერთი რომ გარდაიცვალა, მერე დაფაცურდა და ის წაიყვანა სადღაც საავადმყოფოში, მაგრამ ჩვენ, ვინც მომაკვდავები ვიყავით არ წაგვიყვანა, ვთხოვე, მაგრამ რაღაც თურქულად მომაძახა და წავიდა“, - განაცხადა ცომაიამ.

იგი თურქეთის პოლიციამ მომხდარზე უკვე დაკითხა. მისი ინფორმაციით, დაკავებულია იმ ხის საამქროს დირექტორი, სადაც ქართველები მუშაობდნენ. მასთან ერთად ასევე დაკავებულია კიდევ ერთი თანამშრომელი, რომელთა მიმართაც საქმე ადამიანის განსაცდელში მიტოვებაზეა აღძრული.

თურქეთში არყის ინტოქსიკაციით სულ ხუთი ქართველი გარდაიცვალა. მათგან სამი - რამინ ცომაია, ნესტორ ცომაია და მამუკა გაბელაია - აბაშის მკვიდრები არიან, მალხაზ გერსამია სენაკელია, ხოლო ლევან წითაშვილი ზუგდიდელია.