იუსტიციის სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის ლიბერალიზაციაზე მუშაობს
საკანონმდებლო ინიციატივები იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ წარმოადგინა.
მისი განმარტებით, სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი ნაწილის ცვლილებების კანონპროექტი ჯარიმის კონცეპტუალურ ცვლილებას ითვალისწინებს. შემუშავებულია დღიური ანაზღაურების სისტემა; განსაზღვრულია მაქსიმალური ზღვარი დანაშაულის კატეგორიებისა და მიღებული/მისაღები შემოსავლის მიხედვით; გათვალისწინებულია ჯარიმის განწილვადების შესაძლებლობა; გაუქმებულია ჯარიმის დამატებითი სასჯელის სახით გამოყენების შესაძლებლობა, როცა ის არ არის გათვალისწინებული კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით; ასევე, გაუქმებულია არასრულწლოვანისთვის დაკისრებული ჯარიმის მშობლისთვის დაკისრების შესაძლებლობა.

კანონპროექტი მოქმედი რედაქციისგან რადიკალურად განსხვავებულად არეგულირებს პირობითი მსჯავრისა და გამოსაცდელი ვადის ინსტიტუტს. დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა შესაძლებელია არა მხოლოდ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში, არამედ მოსამართლის ინიციატივითაც; მცირდება გამოსაცდელი ვადის მაქსიმალური ზომა.
კანონპროექტის თანახმად, მოსამართლე უფლებამოსილი იქნება, დანიშნოს კანონით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელი (საკანონმდებლო მინიმუმის ნახევრამდე) შემამსუბუქებელი გარემოებების ერთობლიობისას.
ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება თავისუფლების შეზღუდვის გამოყენება ნებისმიერი მსჯავრდებულის მიმართ, რაც ხელს შეუწყობს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შემცირებას.